ახალი ამბები
"საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება უკიდურეს შემთხვევაში" - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
"ვერ გავექცევით იმას, რომ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე რთული გამოსავლისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში ვიზიტის დროს.

ეკატერინე ტიკარაძემ ქალაქის კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა იყოს კიდევ უფრო რთული გამოწვევებისთვის. მისი თქმით, საველე ჰოსპიტლებს სამინისტრო უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.

"ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნას ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში.  ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში,  ჰოსპიტლები, თბილისის მსგავსად, სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

მინისტრმა შეზღუდვებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

"ჩვენი მოლოდინი არის ორი კვირის შემდეგ ეპიდვითარების 80%-იანი გაუმჯობესება.  ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებს არ ვგეგმავთ", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში, გასული 24 საათის განმვალობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4119 პირი. გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულია 425 651 ადამიანი. ვირუსს ჯამში 6436 პირი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის კოვიდ19-ს 52141 ადამიანი ებრძვის. ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია.
Print