ახალი ამბები
წერეთლისა და აღამაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება
FaceBook
ქუთაისში, აღამშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დაიწყო, სექტემბერში დასრულდება.
ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად უწყება ახალი სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას ასახელებს. 

"სამუშაოების დასრულების რამდენიმე თვიანი გადავადება სრულიად ამორტიზირებული სანიაღვრე ქსელის ნაცვლად ახალი სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროცესში გამოვლენილმა მიწისქვეშა კომუნიკაციების საფუძვლიანი აღდგენისა და გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა. საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება.

ამასთან, აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოუწია კონტრაქტორ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა და ახალი კონტრაქტორის გამოვლენა, რასაც ობიექტურად მეტი დრო დასჭირდა ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღდგა ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი, ტროტუარები და მოეწყო საგზაო ნიშნები.საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მთავრობის დავალებით დაიწყო ქუთაისის 60 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია", - ნათქვამია საგზაო დეპარტამენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქუთაისში, წერეთლის გამზირი ერთი წელია გადათხრილია. სამუშაოები, რომელიც შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, ერთი წლის შემდეგაც მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. ანალოგიური ვითარებაა აღმაშენებლის ქუჩაზე. ორივე ქუჩის რეაბილიტაციას ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს.



Print