ახალი ამბები
რა პირობებით ყიდის ქუთაისის მერია "ტორპედოს"
FaceBook
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ისევ იყიდება. ქუთაისის მერიამ კლუბი 567 017 ლარად აუქციონზე გაიტანა.

ადგილობრივი თვითმმართველობა  პოტენციურ ინვესტორს 15 მოთხოვნას უყენებს. მთავარი პირობა კლუბის დავალიანების გასტუმრებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით, 2 470 000 ლარია. ახალმა მფლობელმა თანხა წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს. ასევე, კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ინვესტორმა, თავად  უნდა მოიძიოს  დონორები და  შემოსავლის ალტერნატიული წყაროები.

"ფეხბურთის განვითარების ფონდის" დაფინანსების შემთხვევაში ეს თანხა  ყოველწლიურად უნდა იყოს 2 500 000 ლარი, ხოლო ფონდის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში,  4 მილიონი ლარი. მოზიდული თანხის 10% კი უნდა გამოიყენოს კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის.

ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა მოიპოვოს უეფასა და ეროვნული ლიცენზიები. წელიწადში 100-დან 2000 ბავშვამდე კონტიგენტისთვის უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება. ინვესტორმა, კლუბში, ყოველი წლის ბოლოს უნდა ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება და შედეგები მერიას წარუდგინოს.

ქუთაისის მერია კლუბის პოტენციური მფლობელისგან, ასევე, არაღიარებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ეს მოთხოვნა მიუღებელია კლუბის შეძენით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. "ალიანს ჯგუფი", რომელიც ერთ-ერთია, რომელმაც "ტორპედოში" ინვესტიციის განხორციელების მზაობა გამოთქვა და საკრებულოს სხდომაზე კლუბის აუქციონზე გატანის საკითხის განხილვასაც ესწრებოდა, თუმცა, მათი თქმით, მერიის მოთხოვნები ფინანსურ ნაწილში ბუნდოვანია.

"როცა პირობებში წერია, რომ მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება, ჩვენ არ ვიცით რა დავალიანებაზეა საუბარი. ერთ-ერთ პუნქტში, ასევე, წერია რომ არაღიარებულ ვალდებულებებზეც კი ინვესტორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, პუნქტებში არ წერია რამდენი წელი უნდა შეასრულოს ეს პირობები შემსყიდველმა. ის, რაც მოვისმინეთ, ინვესტორისთვის არ არის მომგებიანი", - ამბობს ალიანს ჰოლდინგის სოციალური საკითხების კოორდინატორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

აღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში "ტორპედო"  მერიას დაუბრუნდება.

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" აუქციონზე პირველად 2017 წელს გაიტანა. მაშინ კლუბი 300 000 ლარად გაიყიდა, თუმცა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და კლუბი დატოვა. ამის შემდეგ "ტორპედოთი" იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი დაინტერესდა, რომლებმაც ასევე, არ შეასრულეს ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები.
Print