ახალი ამბები
"გახარიას პარტიასთან კომუნიკაციის გამო მსჯიან" - ტყიბულის მერიის თანამშრომელი
FaceBook
ტყიბულის მერიის თანამშრომელი მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს.
სოციალური სამსახურის უფროსი ნელი ქარელი  ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" ადგილობრივ წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ შეიტყო და უთხრა, რომ პარტიამ მისი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა. 

"5 აგვისტოს დამიბარა  მერმა და მითხრა, რა ქენი გახარიას პარტიაში გადახვედიო?  პარტია შენს გათავისუფლებას მთხოვსო. მე  ვუთხარი, რომ განცხადების დაწერას არ ვაპირებ და არც ვგეგმავ კიდეც სამსახურიდან წასვლას.  არ დავმალავ და ვიტყვი, რომ "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ არ მაქვს უფლება პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ მომწონდეს?!  რაც 2012 წლამდე ხდებოდა და თქვენც, მეც, ყველანი ასე ვებრძოდით, მეორდება, ოღონდ წითელი ფერი ლურჯმა შეცვალა",
- ამბობს ის.

შეპირების მიუხედავად ტყიბულის მუნიციპალიტეტის  მერმა თემურ ჩუბინიძემ საკითზე საუბარი არ ისურვა. 

რაც შეეხება პარტიას, "ქართული ოცნების"  ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის  თავმჯდომარე  დავით კუბლაშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი ქონია. ჩვენ  პარტიის ცენტრალურ ოფისსაც დავუკავშირდით, სადაც  პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გრეტა წიწავამ გვითხრა, რომ საკითხს გაარკვევდა,  თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. 

ნელი ქარელი ტყიბულის მერიის სოციალურ სამსახურს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. 




Print