ახალი ამბები
ექიმები მთავრობას რეგულაციის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავენ
FaceBook
საქართველოს ექიმთა საზოგადოება მთავრობას და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდს რეგულაციის გამკაცრების თხოვნით მიმართავს.
ექიმების ღია წერილს 720 მედიკოსი აწერს ხელს.

"ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ, ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო. ჩვენ ვართ ისინი, ვის სახესაც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავენ და ვისი თვალებიც ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება, ჩვენ ვართ ისინი, ვინც თქვენ მიერ დაწესებულ რეგულაციებს ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ და სავარაუდოდ ხვალ თქვენი ოჯახის წევრის სასთუმალთან ვიდგებით.ვხედავთ რა საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს, მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში", - ნათქვამია ღია წრრილში.

ექიმების წერილის მიხედვით, საქართველო რეგულაციების არ არსებობით გავს შვედურ მოდელს.

ექიმები მოუწოდებენ პასუხისმგებელ უწყებებს, რომ დააწესონ შესაბამისი რეგულაციები. ექიმების რეკომენდაციათა შორისაა:

სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი

აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი), გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები, მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი.

შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. გარდა ეპიდემიის მართვის დროს გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ვაქცინაციის კამპანიის აუცილებლობაზეც.

ექიმების განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან  და მათი ინფორმირება ვაქცინებტან დაკავშირებით.

"ამის უზრუნველსაყოფად, სასურველია შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში რეგულარულად შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გასცემენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხს, აუხსნიან ვაქცინაციის არსსა და სასიცოცხლო მნიშვნელობას (უკლებლივ ყველა რეგიონში და არა მხოლოდ ერთში)", -წერია ექიმების ღია წერილში

ღია წერილში ექიმები ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებითაც საუბრობენ.

,,მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდეს ვაქცინაციაში მონაწილე მათ ყველა კოლეგას ტრენინგები, ისევე როგორც თბილისში ტარდება. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ალერგოლოგების ჩართულობა,მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა, ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება, მითითებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები, დაწესდეს ჯარიმები აცრაზე დარეგისტრირებული და არგამოცხადებული პირებისთვის, დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის, მაგალითად, არ დაიშვან დახურულ სივრცეებში (რესტორნები, კაფე-ბარები), თავშეყრის ადგილებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება''-, ნათქვამია წერილში.

საქართველოს ექიმთა საზოგადოებაში 6 500-მდე ექიმია გაწევრიანებული.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print