ახალი ამბები
"ჩოლოიანი სჭირდებათ არჩევნებზე, ძალადობა კარგად იცის'' - გოგი წულაია
FaceBook
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე  დაკავებული გამომძიებელის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების'' თავმჯდომარემ  ბრიფინგი ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გამართა.

გოგი წულაიას თქმით, სახელმწიფომ უპატივცემულობა გამოიჩინა  გარდაცვლილი ლუკა სირაძის და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

"ათობით პატიმარს ეკუთვნის შეწყალება მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ, ჩოლოიანი სჭირდებათ არჩევნებზე რათა მისი დახმარებით ხმები მოიპოვოს, ამ ქალმა კარგად იცის ძალადობა და ამის გამო გაათავისუფლეს'', - ამბობს  პარტია  "ახალი ქრისტიან-დემოკრატების''  თავმჯდომარე გოგი წულაია.

მისი  თქმით, სახელმწიფო მოძალადების წახალისებას გეგმავს და ეს ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებით.

მარიანა ჩოლოიანი   5 ივლისს გაათავისუფლეს.

ჩოლოიანის გათავისუფლებას გამოეხმაურა ლუკა სირაძის ძმაც, რომელის თქმითაც მარიანა ჩოლოიანის განთავისუფლება მიუღებელი და დამცინავია.

ჩოლოიანს ჩვენების იძულებით მიცემის  ბრალდებით 2020 წლის სექტემბერში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მწვანე სკოლამ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

Print