ახალი ამბები
ოჯახის შექმნის წახალისების უსარგებლო პროგრამა
FaceBook
ქუთაისის მერიას, შესაძლოა, ახალდაქორწინებული ოჯახების  წახალისების პროგრამის გაუქმება მოუწიოს.
ქვეპროგრამით, მისი შექმნიდან შვიდი თვის შემდეგაც, არავის უსარგებლია. არადა, სხვა მოლოდინი ჰქონდა მერიას.

"იმედი გვქონდა ვინმე მოგვმართავდა, თუმცა,  დღემდე არავინ მოსულა.  წინ 5 თვე გვაქვს და შეუძლიათ მოვიდნენ, ჩვენ 500 ლარით ახალ შექმნილ ოჯახებს წავახალისებთ'', - ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.

სოციალური სამსახური ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, თუ დარჩენილ ვადაში არც ერთი წყვილი მერიის წახალისებას არ მიიღებს, ქვეპროგრამა გაუქმდება.

"5 თვის შემდეგ,  როცა ყველა პროგრამის განხილვა იქნება, განიხილება ეს პროგრამაც.  თუ მომართვიანობა იმ დროისთვისაც არ იქნება, ალბათ, აღარ გაგრძელდება'',- განმარტავს ხაჭაპურიძე.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების'' ქვეპროგრამა მიმდინარე წელს შექმნა. ქვეპროგრამით ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები ისარგებლებენ. წყვილი,  რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან 500 ლარს მიიღებს.

ამისთვის,  პირველ რიგში  საჭიროა სარეიტინგო ქულების შესაბამისობისა. გარდა ამისა,  წყვილი რეგისტრირებული იყოს ქუთაისში და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც ქუთაისი უნდა  იყოს. 

იმისთვის, რომ წყვილმა თანხა მიიღოს, საჭიროა ქორწინებიდან  30 დღის ვადაში წერილობით მიმართონ ქალაქის მერს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები.

ქუთაისის მერია ახალდაქორწინებული წყვილების წახალისებისთვის ბიუჯეტში 5 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქვეპროგრამით სარგებლობა 10 წყვილს შეუძლია.
Print