ახალი ამბები
,,შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო კვირა იქნება გადამწყვეტი'' - თამარ გაბუნია
FaceBook
შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე მომდევნო ერთი კვირა გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვებზე საუბარი იქნება ეპიდვითარების გარკვეული კრიტიკული მაჩვენებლის დადგომის შემთხვევაში.

"ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ, როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე საწოლი არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბერში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული",- განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

Print