ახალი ამბები
ქუთაისის ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობა გაიყიდა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული საგრენაჟო ქარხნის ყოფილი შენობა გაიყიდა.

ქონება ეკონომიკის სამინისტრომ ხუთ მილიონიანი ინვესტიციის სანაცვლოდ, პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. შენობაში კომპანია "სითი ლოფტი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავაა,  სასტუმროს მოწყობას გეგმავს.

"აჭარა ჯგუფის პროექტების განვითარების კონცეფცია გულისხმობს ისეთი მრავალფუნქციური მიზიდულობის ცენტრების შექმნას, როგორიცაა "სტამბა" და "ფაბრიკა" თბილისში. შენობის რეაბილიტაციის შედეგად, შეიქმნება ქალაქის შემოქმედებითი და სახელოვნებო ჰაბი, გაიხსნება სასტუმრო, სივრცეები სოციალიზაციისთვის, საერთო სამუშაო სივრცეები და კვების ობიექტები. ქუთაისის ყოფილი საგრენაჟო ქარხანა ახალ კულტურულ და მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნება",
- აცხადებენ აჭარა ჯგუფში.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მფლობელმა ადგილზე სამი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 200-მდე ადამიანი დაასაქმოს. შენობის რეკონსტრუქცია კი 2022 წელს უნდა დაიწყოს.

ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობა ქუთაისში წლებია ამორტიზებულია. ეკონომიკის სამინისტრომ მისი გაყიდვა ოთხი თვის წინ სცადა, თუმცა, ქონების შეძენით არავინ დაინტერესებულა. შენობაში ახლა რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

5926კვ.მ ფართზე განთავსებული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. აჭარა ჯგუფში ამბობენ, რომ შენობის რეკონსტრუქცია კანონის შესაბამისად მოხდება.

შენობის ყიდვით სხვადასხვა დროს რამდენიმე ინვესტორი იყო დაინტერესებული. ქონების შეძენა წინა ხელისუფლების დროს ყაზახ ინვესტორთა ჯგუფს სურდა, თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა. 2017 წელს, არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპირებდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, თუმცა, არც ეს შეთანხმება შედგა.  აჭარა ჯგუფამდე კი "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქონებით დაინტერესება თურქმა ინვესტორმა გამოთქვა, მაგრამ სამინისტრომ მას შვიდი მილიონი ლარი მოსთხოვა, რაზეც ბიზნესმენმა უარი თქვა.

ქუთაისის საგრენაჟო ქარხანა 1938 წელს დაარსდა. გრენის ანუ აბრეშუმის პარკის გაცოცხლება პირველად საბჭოთა კავშირში ქუთაისში დაიწო. ქუთაისის საგრენაჟო ქარხანასა და მთლიანად იმერეთის რეგიონში არსებულ პარკსაშრობებში 200-მდე ადამიანი მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქარხანაში საწარმოო პროცესი თანდათანობით მოიშალა.

ამ პერიოდში საწარმოს იმ ნაწილში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე გამოდის, სხვადასხვა დროს კაფე-ბარი, კომერციული მაღაზია და ყვავილების სალონი ფუნქციონირებდა. შენობის წინ ახლაც მუშაობს ღია კაფე. 2000-იანი წლების დასაწყისში საწარმოს დავალიანება დაუგროვდა. 2009 წელს კი ქონება დაყადაღდა. ამ პერიოდიდან საწარმო სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. შენობა კი უსახლკარო ადამიანების თავშესაფრად იქცა.
Print