ახალი ამბები
თეატრის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
FaceBook
საქართველოში სახელმწიფო თეატრის რეფორმას გეგმავს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელობასთან და თეატრმცოდნეებთან ერთად თეატრის რეფორმის საკითხზე პირველი სამუშო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თეატრში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ასევე, ისაუბრეს თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციის საკითხებზე, საშემსრულებლო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეფექტური პოლიტიკისათვის სწორი რეგულაციების შემუშავებასა და ქართული თეატრის თანამედროვე სტანდარტის შექმნის აუცილებლობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები – გიორგი გეგეჭკორი (საზოგადოების თავმჯდომარე), ვასილ ჩიგოგიძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნერონ აბულაძე, კოტე აბაშიძე და ლევან როხვაძე; ასევე, თეატრმცოდნეები ნუცა კობაიძე, მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ნიკა წულუკიძე და გიორგი ყაჯრიშვილი.

"საუბარი შეეხებოდა თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს, ასევე კრიტიკის ფუნქციას, მის როლს და კრიტიკოსებისთვის სამოღვაწეო პლატფორმის გაძლიერების გზებს. ჯერ იყო მხოლოდ ერთ ჯგუფთან შეხვედრა, მინისტრმა მოისმინა ჩვენი მოსაზრებები, თავადაც ბევრი უფიქრია დაგროვილ პრობლემებზე. ეს შეხვედრები გაგარძელდება და მინისტრი აუცილებლად შეხვდება სხვა თეატრმცოდნეებსაც, რაც მთავარია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრის მენეჯერებს. რეფორმის პროცესში ჩართული იქნება სრული სპექტრი ქართული თეატრისა", -აღნიშნა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრების მიზანია სახელმწიფომ და ქართული თეატრების წარმომადგენლებმა ერთობლივად განსაზღვრონ თეატრის სფეროში განსახორციელებელი რეფორმის ძირითაი პრინციპები; იმუშაონ კულტურის კოდექსის პროექტში შესატან თეატრის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების მიმართულებით, ასევე, თეატრების განვითარების პროგრამების შექმნის, ადამიანური რესურსის გაძლიერებისა საკითხებზე.


Print