ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საკრებულოში შეტანილი 2016 წლის ბიუჯეტი უკან გაიტანა
FaceBook
ქუთასის მერიამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი 2016 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკან გაითხოვა.
მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წარუდგინა. თუმცა, მისი უკან გატანის შესახებ წერილობით 16 ნოემბერს მიმართა, ხოლო 17 ნოემბერს დოკუმენტი უკან გაიტანა. ბიუჯეტის უკან გატანის ფაქტი საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნატო ქათამაძემ გააკრიტიკა და მას უპეცედენტო შემთხვევა უწოდა.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ბიუჯეტის უკან გატანის ფაქტი არ არის კანონდარღვევა. მურღულიამ საკრებულოზე ის მიზეზები ახსნა, რის გამოც მოხდა საკრებულოდან ბიუჯეტის დოკუმენტის გატანა.

"დამატებითი  შემოსავლების მობილიზების საშუალება გაგვიჩნდა, რაც უნდა ასახულიყო ბიუჯეტში. სწორედ ამ მიზეზით მოვითხოვეთ უკან ბიუჯეტი. თუმცა, ეს არანაირად არ უშლის და უშლიდა ხელს რომ არსებული ბიუჯეტი განეხილათ, რადგან ეს უკვე საჯაროა. ცუდია, როცა არაპროფესიონალები ასეთ პროფესიულ საკითხზე საუბრობენ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

რაც შეეხება საკრებულოში ბიუჯეტის მეორედ შეტანას, ქალაქის პირველი პირი ამბობს, რომ ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა ამ დროისთვის 47 713 700 ლარით არის განსაზღვრული.
Print