ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები გაათავისუფლეს
FaceBook
ორი თვის წინ, პოლიცილეზე თავდასხმის ბრალდებით, რიონის ხეობაში დაკავებული ორი პირი, დავით ხუციშვილი და ირაკლი მუკბანიანი გაათავისუფლეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ორივე მათგანის დაცვის მხარის მოთხოვნა, გირაოს შესახებ, დააკმაყოფილა. მათ საპატიმრო 3000 -3000 ლარის სანაცვლოდ უკვე დატოვეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს შენობასთან ელოდებოდნენ რიონის ხეობის მცველები.

"ისინი ჩვენთან არის და გააგრძელებენ ბრძოლას", - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

მან ასევე ისაუბრა 5 ივლისს  ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცემის ფაქტზე დაკავებულებზე და მათთან კავშირი უარყო. მისი თქმით, არც ერთი დაკავებული მათი საორგანიზაციო ჯგუფის წევრი არ არის.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, რა დროსაც დაშავდა 52 ჟურნალისტი და ოპერატორი, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი,  ლექსო ლაშქარავა კი მომხდარიდან ხუთ დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

"პრაიდის" მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან რიონის ხეობის მცველებიც. ისინი 5 ივლისს თბილისში ჩავიდნენ და  "პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიების მიმართ პროტესტი მუდმივად იარსებებს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტებმა კარვებში 266-ე ღამე გაათენეს.




Print