ახალი ამბები
"5 ივლისს დაიბადა ნამდვილი ფაშიზმი“ - ბექა მინდიაშვილი
FaceBook
5 ივლისის მოვლენებმა საზოგადოებაში კითხვებიც გააჩინა და პასუხებიც.

მედიაზე თავდასხმამ, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წახალისებამ ძალადობისკენ, პოლიციის უმოქმედობამ ყველაზე მუქი კონტურებით ასახა აწმყო და კიდევ უფრო გააბუნდოვანა მომავალი. ყოველ შემთხვევაში საქართველოს მომავალი ევროპულ სივრცეში.

რაზე მიუთითებენ 5 ივლისის მოვლენები?

გთავაზობთ სხვადასხვა მოსაზრებებს და შეფასებებს 5 ივლისის დანატოვარზე.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი: „ბევრი ჯერაც ვერ აცნობიერებს, რა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო. 5 ივლისს დაიბადა ნამდვილი ფაშიზმი. ეს არაა მხოლოდ ავტორიტარიზმი, არამედ ესაა ბრბოს ენერგიის გამოყენებასა და ფსევდორელიგიურ მითოლოგიაზე დაფუძნებული, კონკრეტულად ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან შერწყმული უკიდურესად სახიფათო ძალა. მოკლე დროში თუ ეს ძალა ვერ გავაჩერეთ, ერთი მხრივ, წალეკავს ყველა განსხვავებას, მეორე მხრივ, დაასრულებს ქართულ სახელმწიფოებრიობას.

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, თუ ისინი გაიმარჯვებენ, ამ ქვეყანაში ნორმალური ადამიანი ფიზიკურად ვეღარ გაჩერდება. დაიწყება ტოტალური რეპრესიები.

ფაშიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის მაქსიმალურად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი მიზნის მისაღწევად. ამიტომ უმნიშვნველოვანესია, დასრულდეს დესტრუქციული მორალიზმი, რომ აი, ამასთან არ დავდგები, იმას ვერ გავიკარებ. უნდა დასრულდეს ოპოზიციაში ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობა. უნდა დასრულდეს ერთმანეთის დამუნათება. ახლა საერთოდ აღარ არის ამის დრო.

თითოეული დღე და წუთი არის უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ქართველები პოლიტიკურად უნიჭიერესი ხალხი ვართ, ერთი ადამიანი ერთ პარტიას უდრის, მაგრამ ყველამ დროებით უნდა გადავდოთ ძველი თუ ახალი წყენები, ტაქტიკური და სტრატეგიული განსხვავებები, გადავდოთ იდეოლოგიური თამაშები და პრაქტიკულად უნდა გავერთიანდეთ ამ შავი ჭირის დასამარცხებლად. სხვანაირად წავაგებთ“.

5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს, ღირსების მარშის ნაცვლად, რადიკალური ჯგუფების მხრიდან, საზოგადოებამ ძალადობის, დარბევის, ვანდალიზმის ბევრი შემთხვევა იხილა."თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ჯგუფები გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის, "სირცხვილიას " ოფისთან გაუსწორდნენ "ტვ პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. მას დაზიანება თვალის არეშეი ჰქონდა მიყენებული, რის გამო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.  

ოპერატორი 11 ივლისს  საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო
Print