ახალი ამბები
„ცათმფრენის“ გადაფრენა - რეზო გაბრიაძის ხსოვნის საღამო თეთრ ხიდზე
FaceBook
ქუთაისში რეზო გაბრიაძის ხსოვნის საღამო მოეწყო.

დიდი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ხსოვნასთან დაკავშირებით თეთრ ხიდზე თეატრალური სანახაობა "ჰაერის ერთი მოძრაობა" გაიმართა.
პერფორმანსის იდეა სამოქალაქო აქტივისტ ზეკო ხაჩიძეს ეკუთვნის. 

„როცა რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა, ალბათ მე არ ვიყავი მარტო ის ადამიანი, ვისაც დაგროვილი უნდოდა რამე ეთქვა მასზე, ან მის მიმართ სიყვარულის რაღაცნაირი მატერიალიზაცია მოეხდინა შეძლებისდაგვარად. მითუმეტეს ქუთაისში. იმ წამიდანვე ავინთე ჩემს მეგობრებთან ერთად "ცათმფრენის "ძეგლად" ქცევის ვნებით. ბიჭებმა დაიწყეს საჭირო დეტალების და საჭირო თანამოაზრეების მოკითხვა“, - ამბობს ზეკო ხაჩიძე.

პერფორმანსის დადგმა რეჟისორ რეზი ქაროსანძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კინომცოდნე თამთა თურმანიძეა, „ცათმფრენის“ მაკეტის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძე. 



"ბოლო წუთამდე გვქონდა საშინელი ნერვიულობა წინასწარ დაუტესტავ ფინალზე და ისევ გაბრიაძისეული დასასრული გვეიღბლა. ბევრ ტექნიკურ დეტალზე დამოკიდებულებაში, მაინც შევძელით. გიორგი კიკვაძის ცათმფრენი ულამაზესი გამოვიდა. ყველას ძალიან გვინდოდა შეუძლებელის შეძლება და ალბათ, ამიტომ", - ამბობს ზეკო ხაჩიძე.

პერფორმანსის შემდეგ დამსწრეებმა  თეთრი ხიდის თავზე გაბრიაძისეული სახელოვანი "ცათმფრენის" გადაფრენა იხილეს.


ცათმფრენის  გადაფრენა

"ცათმფრენი თავისუფლების იდეის გარდა, მოცარტული ნიჭის გაფრენაა, "თავში წამორტყმის" გარეშე გავლის და ზეცასთან შეზიარების, რეზოსეულად“, - ამბობს ზეკო ხაჩიძე.

პერფორმანსი „თავისუფლების იდეაზე“ თავისუფალი მედიების გარეშე ჩატარდა. აღნიშნული პერფორმანსის შესახებ კრიტიკულ მედიებს მერიამ ინფორმაცია არ მიაწოდა.

საღამოს ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაა.
Print