ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დევნილებს კარი აუჭედა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, დევნილებს, რომლებსაც ერთი თვეა შენობის დატოვებას აიძულებს, დღეს კარი აუჭედა და  ზედა სართულებზე გადაადგილება აუკრძალა.
მერია ასე ცდილობს დევნილთა საცხოვრებელში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სადაც საბოლოოდ უსახლკაროთა თავშესაფარი უნდა მოაწყოს.

დევნილებმა, რომლებსაც დღეს დილით შესასვლელი კარი აჭედილი დახვდათ, ბარიერი თავადვე მოხსნეს და მუშებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მისულ მერიის წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დევნილები ამბობენ, რომ ვიდრე ბინით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ დატოვებენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი თამაზ ქურასბედიანი დევნილთა საცხოვრებელში კარის აჭედვას უარყოფს და ამბობს, რომ ბარიერი,  მუშებმა,  სამშენებლო მტვრისგან საცხოვრებელი ნაწილის დასაცავად აღმართეს.

ქუთაისის მერიამ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჯერ გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, შემდეგ კი შენობაში დევნილების ცხოვრების პარალელურად, სამუშაოები დაიწყო. მერია ამბობს, რომ დევნილები საცხოვრებლით სამინისტრომ უნდა დააკმაყოფილოს, დევნილთა სააგენტოში კი აცხადებენ, რომ შენობა მათ მიერ დახურულ ობიექტად არის გამოცხადებული, რაც იქ მცხოვრებთა ბინით უზრუნველყოფას გამორიცხავს.


Print