ახალი ამბები
"პროტესტი "პრაიდთან" დაკავშირებით კვლავ იარსებებს'' - რიონის ხეობის მცველი
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერებმა,  5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქციაზე გამოჩენისა და ამის გამო საზოგადოების გაღიზიანების შემდეგ,  გუშინ გვიან ღამით განცხადებები გააკეთეს.
მათი განცხადება ამჯერადაც ჰომოფობიური იყო.  რიონის ხეობის მცველებს არ უსაუბრიათ იმაზე თუ რატომ დუმდნენ 11 დღე, მაშინ როცა ოთხი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე  ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ფეისბუქ ლაივებს რთავდნენ. ერთსაათიანი ლაივ ჩართვის განმავლობაში მხოლოდ 5 წუთი დაუთმეს ხეობის პრობლემას, სადაც განმარტეს, რომ  სოფელ ნამოხვანში პოლიციის  მობილიზების გამო შესვლას ისევ ვერ ახერხებენ. 

მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ლიდერის განმარტებით, პროტესტის ის გამოხატული ფორმა, რომელიც 5 ივლისს იყო გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს აჩენს.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრაიდთან დაკავშირებით საზოგადოებაში პროტესტი მუდმივად იარსებებს, რადგან ეს გარკვეულწილად ზნეობის საკითხია.

"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ არსებობს პროტესტი პრაიდთან დაკავშირებით, მგონია, რომ არასერიოზული დაყენებაა საკითხის და ვფიქრობ, განხილვადაც არ ღირს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი პრაიდის მისამართით ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულად ზნეობის საკითხი და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რაც ფუნდამენტად უდევს, ზოგადად, სახელმწიფოს", - განმარტა მან ,,მაუწყებლის'' პირდაპირ ეთერში.

გოლეთიანს მიაჩნია, რომ თბილისი "პრაიდის" ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფები საბოლოო ჯამში "ერთმანეთს კვებავენ".

"რაც ვნახეთ 5 ივლისის აქციაზე, ვგულისხმობ ფიზიკურ ანგარიშსწორებებს, რა თქმა უნდა, აქ უკვე ბევრი პრობლემაა.  მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის,  ალბათ,  იმ საკვების მიცემა იმ მხარეზე, რომელიც აინიცირებს ამ ღონისძიებას, ვგულისხმობ, პრაიდის ორგანიზატორებს", - განმარტა გოლეთიანმა.

გოლეთიანმა ასევე მწუხარება გამოთქვა ,,ტვ პირველის'' ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 260 დღეა გრძელდება.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

Print