ახალი ამბები
,,ლექსოსთვის'' - ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა
FaceBook
,,ლექსოსთვის'' ამ ლოზუნგით ქუთაისის მერიის წინ ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.
ჟურნალისტებმა ამ ფორმით  გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი  გამოუცხადეს.

ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

„როდესაც ადამიანები შეეცდებიან ცივი გონებით გაანალიზონ ამ დღეების ამბები. ზოგი იტყვის ღირებულებების კრიზისი, ზოგი იტყვის რომ ეს არის ბრძოლა დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის. ეს ყველაფერი მართალი იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ეს არის ორი უსინდისო ინსტიტუტის ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ალბათ მიხვდებით რომელ ინსტიტუტსაც ვგულისხმობ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, ყველა წითელ ხაზს კვეთენ ყველა უნამუსობაზე მიდის ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ეს ყველაფერი ხდება 21-ე საუკუნეში. ამას რატომ ვუსვამ ხაზს? იმიტომ, რომ ეს ხდება ჩვენს თვალწინ მაშინ, როდესაც გვაქვს ინტერნეტი როდესაც გვაქვს სოციალური ქსელი როცა გვაქვს ტელევიზია... არ გამოგივათ მეგობრებო. საქართველო არის ევროპული და ქრისტიანული ქვეყანა აქ თალიბანი არ გამოვა. თუ ვინმეს აქვს ამის იმედი ძალიან სცდება“, - აღნიშნა რადიო „ძველი ქალაქის“დირექტორმა ირაკლი მაჩიტაძემ.

დღეს ადგილობრივი და რეგიონალური მაუწყებლება გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად რამდენიმე წუთით მაუწყებლობას შეაჩერებენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან სცემეს, გარდაცვლილი დედამ 11 ივლისს, გამთენიისას საკუთარ ბინაში იპოვა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გამხდარიყო.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, დაახლოებით 20 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და "ტვ პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.

Print