ახალი ამბები
„ბიბლიის ასეთი წაკითხვა არის მკრეხელობა“ - თეოლოგი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებაზე
FaceBook
„ბიბლიის ასეთ წაკითხვას ჰქვია ფუნდამენტალისტური წაკითხვა, ანუ მისი სიტყვა-სიტყვითი გაგება, რაც სრულიად მიუღებელი იყო და არის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის!“

ასე ეხმაურება ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას თეოლოგიის დოქტორი ზურაბ ჯაში.

მიტროპოლიტი ქადაგებაში ბავშვთა უფლებების თემას შეეხო და მას მოსეს რჯული დაუპირისპირა. გამრეკელის თქმით,  მოსეს სჯულში პირდაპირ არის ნათქვამი „ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს გარეთ აუნდა გაიყვანო და ჩაქოლო".

თეოლოგი ზურაბ ჯაში განმარტავს, რომ სახარების დაწერის შემდეგ მთელი ძველი აღთქმა სახარების შუქზე იკითხება და განიმარტება.

„ეს არის ქრისტიანული ღვთისმეტყველების ორჯერ ორი ოთხი. უადრესი ხანიდან ეკლესიის მამები უარყოფდნენ ასეთი ტექსტების ისტორიულ მნიშვნელობას და განმარტავდნენ მხოლოდ სიმბოლური სულიერი მნიშვნელობით, რაც გამოხატავდა ბოროტ ძალებთან და აზრებთან დაპირისპირებას. პავლე მოციქული წერს:

"რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12). ბიბლიის ექსეგეტიკის უადრესი სისტემატიკოსის, II-III საუკუნეში მოღვაწე ორიგენეს სწავლებები ერთი საუკუნის შემდეგ წმინდა კაბადოკიელმა მამებმა, ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა საგანგებო კრებულის სახით შემოგვინახეს, რაც თაობებს გადაეცემოდა.

აი, რას წერს ორიგენე: "ეს მიწიერი ომები რომ არ ყოფილიყო სულიერი ომების სიმბოლოები, იუდაური ისტორიების ამ წიგნებს არასოდეს გადმოგვცემდნენ მოციქულები ეკლესიაში წასაკითხად, რადგან ისინი იყვნენ მოწაფეები ქრისტესი, რომელიც მოვიდა როგორც მშვიდობის მასწავლებელი" (ჰომილიები ისუ ნავესზე, 15.1).

მოგვიანებით წმინდა მაკარი ეგვიპტელი იმეორებს იმავე აზრს: "ამგვარად, თუკი იწერებოდა სხვადასხვა ომების შესახებ, ისინი ფარულად მიანიშნებდა ბოროტი სულების ბრძოლას ჩვენი სულების წინააღმდეგ... ეს ყველაფერი დაიწერა ჩვენს სულში მიმდინარე მოვლენების აღსაწერად" (სიტყვა XXIV).

თეოლოგის განმარტებით, ზემოთმოყვანილ წაკითხვებს მოიხსენიებდნენ ტერმინებით ალეგორია, ანაგოგია, სახისმეტყველება და ა.შ.

„არასდროს არავის, არც ქრისტიანს და არც იუდეველს თავში არ მოსვლია საუკენეების განმავლობაში ეს ადგილი პირდაპირ გაეგო და მართლა ბავშვი ჩაექოლა. მაგრამ ახლა ნათელი განგვეშორა და ბნელი დრო დადგა ჩვენს ეკლესიაში. ბიბლიის ასეთი წაკითხვა არის მკრეხელობა“.

ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი საკუთარ ქადაგებაში ბავშვთა უფლებების საკითხს ეხება, აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ "ასეთი არსად არ ყოფილა".

ქადაგების ამსახველ ვიდეოს "ფორმულა" ავრცელებს.
Print