ახალი ამბები
მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას წყვეტს
FaceBook
მწვანე ალტერნატივა  თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გმობს და მომხდარში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს
ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაში "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მონაწილეობის გამო, ურთიერთობას წყვეტს  მოძრაობასთან.
"მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას "რიონის ხეობის გადარჩენისთვის", მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, "რიონის ხეობის მცველებმა", რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მოძრაობასთან კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები,  ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. ძალდობრივი ჯგუფების მონაწილეობით გამართული აქციის გასაშუქებლად მისულ მედიის წარმომადგენლებს ისინი თავს დაესხნენ,  მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს აპარატურა. რამდენიმე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე გაემგზავრნენ "რიონის ხეობის მცველები", რომლებიც აცხადებდნენ, რომ თბილისში პატრიარქის მოწოდების გამო ჩავიდნენ.  მანამდე, მოძრაობის წევრებმა ვრცელი
განცხადება გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ "თბილისი პრაიდი" ეროვნულ ერთიანობას უქმნის საფრთხეს.
Print