ახალი ამბები
რა ისტორია უკავშირდება "გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას
FaceBook

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე "გუბერნსკის ციხეს" საინტერესო ისტორია უკავშირდება.

ციხის ყოფილი ორსართულიანი შენობა  მე–19 საუკუნეში აშენდა.

თავდაპირველად ობიექტი სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ შენობაში ციხემ ფუნქციონირება მე–20 საუკუნიდან დაიწყო.

ციხეში სასჯელს 1903 წელს იოსებ სტალინიც იხდიდა. 



"სტალინი  #309-ე  საკანში იჯდა. შემდეგ იგი ბათუმის  ციხეში გადაიყვანეს. აქ სასჯელს იხდიდნენ ლეო ქიაჩელი, მიხა ცხაკაია და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები", - ამბობდა ისტორიკოსი  ზურაბ ჯავახაძე. 

ისტორიკოსების ცნობით, ქუთაისის  ციხეში სასჯელს, ძირითადად, დიდი აჯანყების მოთავენი იხდიდნენ. ასევე, ფირალები, ყაჩაღები, რევოლუციონერი და კრიმინალური ავტორიტეტებიც.

ყოფილი ციხის კედლებზე  დღემდე შემორჩენილია პატიმრების მიერ შესრულებული  ნახატები და პატარა ოთახი, რომელსაც სამლოცველო დანიშნულება ჰქონდა. იქ  ღვთისმსახურება ყოველ კვირას აღევლინებოდა.  


პატიმრების ნახატები

ქალაქის მემატიანის ზურაბ ჯავახაძის ინფორმაციით, "გუბერნსკის ციხიდან''  მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტიც მომხდარა.



"გიჟუა იყო ასეთი ქურდი, რომელიც ციხიდან გაიქცა. იმ პერიოდში ეს დიდი  ვაჟკაცობა იყო. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, თუ როგორ შეძლო "გიჟუამ" ასეთი რამის გაკეთება’’.

,,გუბერნსკის ციხეში'' თურმე დასჯის სხვადასხვა ფორმა მოქმედებდა. მაგალითად,  ფიზიკური დასჯა, მნახველის არ შემოშვება. ამბობენ, რომ ციხეში პატიმრის გაუპატიურების რამდენიმე ფაქტიც კი მოხდა.


"გუბერნსკის ციხის'' საპყრობილე 650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი, რაც შეეხება სახელს, მასზე მაშინდელი რუსეთის იმპერიის გავლენა იგრძნობა, „გუბერნსკი“ - საგუბერნიო ციხეს ნიშნავს.


ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.

ყოფილი ციხის შენობა  აუქციონზე 1 მილიონ 700 000 ლარად  გასხვისდა. ობიექტი  ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა კი აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო.


დანარჩენი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა. ბიზნესმენი ტერიტორიაზე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.


ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი დაწესებულება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ციხის შენობა გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. საბოლოოდ  "გუბერსკის ციხე" 1 750 000 ლარად გაიყიდა

ფოტო: "ქუთაისიპოსტის" არქივი

Print