ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტზე" მასალის გასვლის შემდეგ სოციალურ საცხოვრისში სამუშაოები შეჩერდა
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილთა კორპუსში, სადაც მერია სოციალურ საცხოვრისს აწყობს, სამუშაოები შეჩერებულია.

"ქუთაისიპოსტის"  მიერ მასალის მომზადების შემდეგ, შენობაში პროცესი არ განახლებულა. როგორც დევნილები ამბობენ, ერთი კვირაა ადგილზე არავინ გამოჩენილა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩა #12-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ექვსი ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია.

მერია დევნილებს რეკონსტრუქციის დასრულებამდე ბინების დაქირავებას ჰპირდება და ეუბნება, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში მათ დევნილთა სამინისტრო ფართით არ დააკმაყოფილებთ, უკვე რეაბილიტირებულ შენობაში დააბრუნებენ. თუმცა, მერია ტყუის, როცა შენობაში მცხოვრებლებს ბინის მოლოდინში ამყოფებს, რადგან უწყებამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში არაერთხელ განმარტა, რომ გუგუნავას #12-ში არსებული ამორტიზებული შენობა მათთვის დახურული ობიექტია და რომ იქ მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ განიხილება.

შესაბამისად, გაურკვეველია ექვსი დევნილი ოჯახის ბედი, რომლებიც 28 წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ, ახლა კი მერია მის დატოვებასაც აიძულებს.

ქუთაისის მერიამ შენობის სოციალური საცხოვრისად გადაკეთება გასულ წელს გადაწყვიტა. სამუშაოები ბიუჯეტს 821 820 ლარი დაუჯდება. ქუთაისში, ეს უკვე მეორე სოციალური საცხოვრისი იქნება, სადაც უსახლკარო ადამიანებს დროებითი ცხოვრების უფლებით შეასახლებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ დრომდე არ პასუხობს შეკითხვას, რატომ დაიწყო სამუშაოები შენობაში, სადაც დევნილები ჯერ ისევ ცხოვრობენ და რა ბედი ეწევა აფხაზეთიდან დევნილ ექვს ოჯახს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია დევნილებს შენობის დატოვებას აიძულებს (ვიდეო)

დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ


"ქუჩაში ვრჩებით" - დევნილებმა, რომლებსაც შენობას ატოვებინებენ, აქცია გამართეს

“ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ” - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)


ქუთაისის მერი ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს
Print