ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია დგას.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა მანამდე პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. ამ წუთებში ჰომოფიბიურ ჯგუფებს პარლამეტთან რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.

პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, მათ შორის, ორი კარავი “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებს ეკუთვნით, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პარალელურად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ. კარავთან ერთად რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერი იყო აღმართული.

რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის მამას, რომლებიც თავიანთი შვილების საქმეების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის წინ ასევე კარავი ჰქონდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასაც, რომელიც წლებია, ძმის გათავისუფლებას ითხოვს.

პარლამენტის წინ კარვების აღებაზე ბოლო კვირებია “ქართული ოცნების” წევრებიც მიუთითებენ.
Print