ახალი ამბები
შსს იმერეთის პოლიციაში დაშავებულ მამაკაცზე - ბრალდებული 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბვიცი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში
და ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამარლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 22 ნოემბერს, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის და ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელ დაჯარიმებული და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ.

სამართვალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. "ბრიტვის" ნატეხი, რომელიც გადაყლაპა.

აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა.

ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. შოთა ქ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - ნათქვამია  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

"ნარკოშემოწმების მიზნით დააკავეს ჩემი ძმა. შემოწმების შემდეგ არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეში ქონდა საკანცელარიო დანა. ამ ფაქტზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა ოქმის შედგენა, რომლის საფუძველზეც წაეყენა ბრალი და დააკავეს. მოვითხოვეთ პროკურორთან შეხვედრა, რომ ეს ბრალდება იყო აბსურდული. ადვოკატი რომ მივიდა სასანახავად, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დასერილი გადაიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში," - აცხადებს ბრალდებულის ძმა,  ლევან ქემოკლიძე.

ქემოკლიძის ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კლინიკური საავადმყოფოში გადაყვანილმა ბრალდებულმა გამოკვლევაზე უარი განაცხადა.
"სამედიცინო დაწესებულებამ ჩათვალა, რომ რადგანაც უარს ამბობს გამოკვლევაზე, ისევ დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს"- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

კლინიკური საავადმყოფოდან ბრალდებული გუშინვე დროებითი მოთავსების ოზოლატორთან გადაიყვანეს. ლევან ქემოკლიძე აცხადებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორმა მისი ძმა არ მიიღო და ერთი საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ქუჩაში ყავდათ. მოგვიანებით, როგორც ლევან ქემოკლიძე ამბობს, ოჯახს დართეს ნება, გამოიძახეს სასწრაფო და ბრალდებული კვლავ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყნავეს. 

Print