ახალი ამბები
"19 კილო დაიკლო" - გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ, რომელიც სამ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია, შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, მედიკამენტების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს.

მისივე მოთხოვნით, იგი ციხის საავადმყოფოდან #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, პატიმარმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

"19 კილო აქვს დაკლებული. შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. თვითონვე მოითხოვა #8 დაწესებულებაში დაბრუნება", - ამბობს ვალერი გელბახიანი.

პირველ ივლისს დაკავებულის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ელოდება.

გოგი წულაია წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

გოგი წულაია მიმდინარე წლის  17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარს ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი დააკავეს. 

ამავე თემაზე:

"კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - გოგი წულაია შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

გოგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო


გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი

Print
თეგები: #გოგი წულაია