ახალი ამბები
იმერეთის პოლიციაში დაშავებული შოთა ქემოკლიძე მძიმე მდგომარეობით კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი შოთა ქემოკლიძე, კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული შოთა ქემოკლიძის ძმა,  ლევან ქემოკლიძე აცხადებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორმა მისი ძმა არ მიიღო და ერთი საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ქუჩაში ყავდათ.

"ასეთ მდგომარეობაში არ მიიღეს. ერთი საათი ყავდათ უგონო მდგომარეობაში. შემდეგ დაგვრთეს ნება, ისევ ჩვენ გამოვიძახეთ სასწრაფო და ამ წუთებში გადაიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში," - აცხადებს ლევან ქემოკლიძე.

კლინიკური საავადმყოფოდან შოთა ქემოკლიძე დროებითი მოთავსების იზოლატორთან ერთი საათის წინ  მიიყვანეს. შოთა ქემოკლიძის ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულმა გამოკვლევაზე უარი განაცხადა.
"სამედიცინო დაწესებულებამ ჩათვალა, რომ რადგანაც უარს ამბობს გამოკვლევაზე, ისევ დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს"- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

შოთა ქემოკლიძე ცივი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, რასაც თავად ბრალდებული არ აღიარებს.

"ნარკოშემოწმების მიზნით დააკავეს ჩემი ძმა. შემოწმების შემდეგ არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეში ქონდა საკანცელარიო დანა. ამ ფაქტზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა ოქმის შედგენა, რომლის საფუძველზეც წაეყენა ბრალი და დააკავეს. მოვითხოვეთ პროკურორთან შეხვედრა, რომ ეს ბრალდება იყო აბსურდული. ადვოკატი რომ მივიდა სასანახავად, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დასერილი გადაიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში," - აცხადებს ლევან ქემოკლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შოთა ქემოკლიძემ მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება ნაკაწრის სახით. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქემოკლიძემ იზოლატორში განაცხადა, რომ მას პირის ღრუში ჰქონდა დამალული ე.წ. "ბრიტვის" ნატეხი, რაც მან გადაყლაპა. ამის შემდეგ, სამინისტროს ინფორმაციით, მოხდა ქემოკლიძის საავადმყოფოში გადაყვანა.



Print