ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, შესაძლოა, UIA-მ, SkyUp-მა და Belavia-მ იფრინონ
FaceBook
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, SkyUp-ის, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა და ბელავიას ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.
"ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ", - თქვა ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.

ქუთაისის აეროპორტში ამჟამად ფრენებს WizzAir და FlyArystan ასრულებენ.

18 აპრილიდან WizzAir-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო.

თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.

Print