ახალი ამბები
დღეს გელათში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩადის
FaceBook
გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის.

იუნესკოს წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ როგორც ფრესკების დაზიანების ხარისხი, ასევე, სახურავის მოწყობის დროს დაშვებული ხარვეზები.

იუნესკოს ექსპერტები გელათში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

მანამდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მომხდარში პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გელათის მთავარ ტაძარში არსებული პრობლემები 2008 წლის პროექტით გადახურვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.

"კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება. სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა დარღვევებს გამოავლენენ იუნესკოს ექსპერტები გელათში, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ მისიის დასრულების შემდეგ გახდება.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და  უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას  დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print