ახალი ამბები
ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში 21 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 21 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, დედა გარდაიცვალა.

კლინიკა ,,ბომონდში'', სადაც 21 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, განმარტავენ, რომ პაციენტი, კლინიკაში 20 ივნისს მეუღლემ შეიყვანა და მას თავიდანვე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.

''გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "კლინიკა ბომონდში" შემოყვანილი 21 წლის გოგონა "მშობიარობას გადაყვა". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.

ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება."კლინიკა ბომონდი" თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,"- აცხადებენ "კლინიკა ბომონდში".

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი გოგონა სამტრედიაში ცხოვრობდა, მისი ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული.

ოჯახს ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს.







Print