ახალი ამბები
"არსად დადგომა არ შეიძლება" - ხეობის მცველები შეთავაზებულ ადგილებზე უარს ამბობენ
FaceBook
რიონის ხეობაში 65 დღიანი შეზღუდვის შემდეგ რკინის ბარიკადების შემდეგ,  ხეობის მცველებს თავდაპირველ ადგილზე პროტესტის გასაგრძელებლად მთავრობამ 13 ადგილი შესთავაზა. თუმცა, აქტივისტებისთვის ყველა მათგანი მიუღეებელი აღმოჩნდა. 
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერებმა  შეთავაზებული ადგილები დღეს დაათვალიერეს.

"პოლიციასთან ერთად ამ ადგილებს ვნახულობთ. გამოიკვეთა, რომ რაც ვნახეთ ადგილები არსად დადგომა არ შეიძლება ანუ ფერდი ადგილებია და ფიზიკურად კარავს ვერ გაშლი ზედ,  ან არის ისეთი ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს. ჩვენთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებია, რომ ვერ დავთანხმდებით", - ამბობს ხეობის ერთ-ერთი მცველი  ვარლამ გოლეთიანი. 

მცველების თქმით,  არცერთი ადგილი პროტესტის გასაგრძელებლად მოსახერხებელი არ აროს, ამასთან, მათთვის საფრთხის შემცველია. ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება ეუბნება, რომ ადგილი კომპანიის საკუთრებაა. პროტესტი გუმათში გაგრძელდება, ვიდრე მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

გოლეთიანის თქმით, პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, აქტივისტები კომპანიის სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილებას კვლავაც აფერხებენ. მისი თქმით, მედიაცია ვერ დაიწყება, სანამ წინაპირობები ბოლომდე არ შესრულდება.

"შემდეგი შეხვედრის თარიღი 2 დღეში გვეცოდინება, განსახილველი საკითხები მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული", – ამბობს რიონის ხეობის მცველი.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 236-ე დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print