ახალი ამბები
,,ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და მივყვებით პროცესს" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
"რიონის ხეობის მცველების" მეორე შეხვედრა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან დასრულდა.
შეხვედრას, რიონის ხეობის მცველებთან ერთად ესწრებოდნენ ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობის წარმომადგენლებიც.

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა,რომ  19 ივნისს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ექნებათ კომუნიკაცია, რათა მიიღონ ინფორმაცია, მიეცემათ თუ არა პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის შესაძლებლობა. 

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა მათ  პროტესტის ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს.

"დღეს უნდა იყოს ცნობილი, გვექნება  პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა, თუ არა. ან ის ალტერნატივები, რასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ალტერნატიულ შემოთავაზებებსაც განვიხილავთ, თუმცა ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, რომ იმ ადგილზე დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით. თუ ეს პირობები შესრულდებოდა, ჩაინიშნებოდა მეორე შეხვედრა, სადაც განვიხილავდით სამუშაოების შეჩერების საკითხს, თუმცა ჯერჯერობით ფერხდება პროცესი. ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული - ვგულისხმობ ბარიკადების აღებას. სხვა პირობები კი შესრულებული არ არის. არც დაკავებულებთან დაკავშირებით გაუკეთებია პროკურატურას განცხადება, არც ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება არ მომხდარა, არც გზა გაუთავისუფლებიათ, ამიტომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და მივყვებით პროცესს", – განმარტა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, აქტივისტები კომპანიის სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილებას კვლავაც აფერხებენ. მისი თქმით, მედიაცია ვერ დაიწყება, სანამ წინაპირობები ბოლომდე არ შესრულდება.

"შემდეგი შეხვედრის თარიღი 2 დღეში გვეცოდინება, განსახილველი საკითხები მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული", – ამბობს რიონის ხეობის მცველი.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 236-ე დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print