ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები პროტესტს ნამოხვანში გააგრძელებენ
FaceBook
18 ივნისიდან რიონის ხეობის მცველები პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნებას გეგმავენ.

გუმათჰესთან ბარიკადების აღების შემდეგ, აქტივისტები კარვებს ნამოხვანში გადაიტანენ. მათი თქმით, ჯებირების დემონტაჟით ბრძოლა არ სრულდება. ისინი ახლა ხეობიდან პოლიციის გასვლას და ორი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ელოდებიან. ეს ის საკითხებია, რომლებიც, მათი თქმით, 12 ივნისს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით, ხელისუფლებასთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ბარიკადების აღების შემდეგ, მნიშვნელოვანია ხეობაში სამუშაო პროცესი არ განახლდეს. მისი თქმით, ეს იქნება იმის განმსაზღვრელი, გაგრძელდება თუ არა მედიაცია. ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მორიგ შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავენ, სადაც მათი თქმით, სწორედ სამუშაოების შეჩერების საკითხს განიხილავენ.

შემზღუდავი ჯებირები, რომელსაც ხეობის მცველებმა რკინის ფარდა უწოდეს, პოლიციელებმა დღეს აიღეს. თუმცა, პროცესის დაწყების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სამართალდამცველები ხეობაში კვლავ დარჩებიან.

ხვალიდან, ხეობის მცველები უკვე სოფელ ნამოხვანში, მათი პროტესტის ძირითად ადგილზე გადაინაცვლებენ, იქ, საიდანაც 11 აპრილს სამართალდამცველებმა იძულებით გამოიყვანეს.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 234 დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები  უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print