ახალი ამბები
"სამუშაოები არ უნდა განახლდეს, თუ გვინდა რომ გაგრძელდეს მედიაცია" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ბარიკადების აღების შემდეგ, მნიშვნელოვანია ხეობაში სამუშაო პროცესი არ განახლდეს.

მისი თქმით, ეს იქნება იმის განმსაზღვრელი, გაგრძელდება თუ არა მედიაცია. ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მორიგ შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავენ, სადაც მათი თქმით, სწორედ სამუშაოების შეჩერების საკითხს განიხილავენ. მანამდე აქტივისტები დიალოგის კიდევ ერთი წინაპირობის შესრულებას ელოდებიან, რომელიც ხეობაში ორი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას შეეხება. ასევე, ხეობა უნდა დატოვოს პოლიციამ.

"ერთ კვირაზე მეტია ხეობაში პროცესი შეჩერებულია და ახლა საუბარია უკვე იმაზე, რომ სამუშაოები არ უნდა განახლდეს, თუ გვინდა რომ გაგრძელდეს მედიაცია", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა გუმათჰესთან რკინის ბარიკადების დემონტაჟის შემდეგ.

შემზღუდავი ჯებირები, რომელსაც ხეობის მცველებმა რკინის ფარდა უწოდეს, პოლიციელებმა დღეს აიღეს. თუმცა, პროცესის დაწყების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სამართალდამცველები ხეობაში კვლავ დარჩებიან.

ხვალიდან, 18 ივნისიდან ხეობის მცველები უკვე სოფელ ნამოხვანში, მათი პროტესტის ძირითად ადგილზე გადაინაცვლებენ, იქ, საიდანაც 11 აპრილს სამართალდამცველებმა იძულებით გამოიყვანეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 234 დღეა გრძელდება. ხეობის მცველების მოთხოვნები უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print