ახალი ამბები
რიონის ხეობაში რკინის ბარიკადებს იღებენ
FaceBook
რიონის ხეობაში, გუმათჰესთან პოლიციელები  რკინის ჯებირეს იღებენ.
ბარიკადების აღება ის ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მთავრობამ  მცველებს,  12 ივნისს ევროკავშირის მედიაციით გამართულ  შეხვედრაზე მისცა. 

ხეობის ერთ-ერთი მცველის,  ვარლამ გოლეთიანის თქმით, შემდეგი პირობა სამართალდამცველების მიერ ხეობის დატოვებაა, რომელიც, მისივე თქმით, ასევე უნდა შესრულდეს. 

"მოხარულები ვართ, რომ პირობა შესრულდა. ამის შემდეგ ჩვენ  გადავინაცვლებთ სოფელ  ნამოხვანში, სადაც თავდაპირველი ადგილი იყო ჩვენი პროტესტის. საბოლოო გამარჯვებამდე ყველანი ისევ ერთად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

ხეობა რკინის ჯებირებით 14 აპრილს გაიყო. ჯებირების იქით მცველებს გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ. ასევე, პრობლემა ექმნებოდა მოსახლეობასაც. 

ხეობაში  ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 234 დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები ისევ უცვლელია. 


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print