ახალი ამბები
საპოლიციო ძალების გაყვანა და ბარიკადების აღება - ხეობის მცველები პირობების შესრულებას ელოდებიან
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერები  მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდებიან ხეობიდან ბარიკადების აღებასა და საპოლიციო ძალების გაყვანას.

12 ივნისს
, ევროკავშირის წარმომდგენელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე ჰესის მოწინააღმდეგეებმა მოითხოვეს:  ხეობა დატოვოს საპოლიციო ძალებმა; მოიხსნას რკინის ბარიკადები და გაათავისუფლონ დაკავებული აქტივისტები. ამ პირობების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 18 ივნისამდე მიეცა. ხეობის მცველების თქმით, პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა დიალოგი.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მხარეებს შორის გამართული 9 საათიანი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო.  

"თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული ამის შემდეგ ისევ შევიკრიბებით და განვიხილავთ თუ რატომ არ უნდა აშენდეს ჰესი, რა თქმა უნდა, ექსპერტების ჩართვით'',- განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ხეობაში საპოლიციო რეპრესიებს და მოძრაობის მხარდამჭერების დევნის და უკანონო დაკავების შემთხვევებს. 

"ველოდებით ამ პირობების შესრულებას, თუ ეს პირობები არ შესრულდა გამოდის თვითონ ხელისუფლება ეუბნება უარს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს, რომლებიც თავად მოიწვიეს ამ პროცესში დავის გადასაწყვეტად'', - აღნიშნავს ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი.  

ვარლამ გოლეთიანის თქმით, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაო პროცესი გაჩერებულია.

რიონის ხეობის მცველების, მთავრობის და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას  ხეობაში ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას"  წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ მივიდნენ. 

რიონის ხეობაში მედიაციის პარალელურად პროტესტი არ წყდება. 14 ივნისს აქტივისტებმა 231-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print