ახალი ამბები
რიონის ხეობაში  "ენკამ" საწვავი და საკვები პოლიციის ძალით შეიტანა (ვიდეო)
FaceBook
სოფელ ტვიშში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ხეობის მცველები კომპანიის ტექნიკის გადაადგილების შესაზღუდად მორიგეობენ, "ენკას" ავტომანქანები პოლიციასთან ერთად გამოჩნდნენ.

კომპანია ამ გზით ხეობაში საწვავისა და საკვების შეტანას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის 50-მდე ავტომანქანაა მობილიზებული და ასე ცდილობს აქტივისტების წინააღმდეგობის შეკავებას. საბოლოოდ, ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებმა ხეობაში შესვლა შეძლეს.
"50-მდე პიკაპი არის ადგილზე. შეუვარდნენ ადამიანებს და სცემეს ყველას. საბოლოოდ, შევიდნენ მანქანები, ეს არის პასუხი პრემიერის გუშინდელ განცხადებაზე? ამის შემდეგ როგორ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები?",
- ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მაკა სულაძე.

9 ივნისს, ქუთაისში ვიზიტად მყოფმა პრემიერმა, რომელმაც რეგიონი ისე დატოვა, რომ ხეობის მცველებს არ შეხვდა, განაცხადა, რომ არსებული ხელშეკრულებით ჰესი არ აშენდება.

12 ივნისს კი ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით შეხვედრაა დაგეგმილი.
Print