ახალი ამბები
"თავიდან ვიყავით მართული, ახლა გავხდით გულწრფელი პროტესტის მონაწილეები?"
FaceBook
"თქვენ გახსოვს პრემიერის პირველი განცხადება, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი, ახლა გავხდით გულწრფელი პროტესტის მონაწილეები", - ასე პასუხობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი პრემიერის გუშინდელ განცხადებას ნამახვანჰესზე.

მისი თქმით, რომ არა ეს სახალხო პროტესტი, ხელისუფლებამ არც კი იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები ეწირებოდა ამ პროექტს, თუმცა, გოლეთიანი ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლები აქტივისტების გვერდის ავლით ესაუბრებიან ინვესტორს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში მათ სრულფასოვან მხარედ არ თვლიან.

"თქვენ გახსოვს პრემიერის პირველი განცხადება, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი და როცა ამას ამბობდნენ, მოიაზრებდნენ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. დღეს კი ეს შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა. თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები. რომ არა ჩვენ, საერთოდ არ იცოდნენ, რომ  რა მნიშვნელოვანი ინტერესები ეწირებოდა ამ პროექტს. თურმე იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ასე ვერ გაგრძელდება მშენებლობა. თვითონ პრემიერმა თქვა ეს და ამისთვის მე გიხდით მადლობას პრემიერის მაგივრად, რომ უზრუნველყავით  ეს პროცესი და რომ არა თქვენი ჩართულობა, ეს აქამდე არ მოვიდოდა. მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ პროექტს. ჩვენ, როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, მაინც არ გვთვლიან იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ რა გვაქვს სათქმელი
", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

9 ივნისს იმერეთში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ ნამახვანჰესი არსებული პირობებით ვერ აშენდება.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 9 ივნისს აქტივისტებმა 226-ე ღამე გაათენეს კარვებში.

12 ივნისს, რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების მედიაციით დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია. მანამდე ხეობის მცველები დღის წესრიგს არ ცვლიან და ყოველ საღამოს გუმათჰესთან "ხმაურის აქციას" ატარებენ.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print