ახალი ამბები
შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობასა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის, 220 დღიანი პროტესტის შემდეგ, შეთანხმება შედგა.
„შევთანხმდით, მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტაცია ხელმოწერით და ამის შემდეგ შეწყდა პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“,  - ამბობენ შუქრუთელები. 

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება, ესენია:  ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში;  ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა და აქციას თბილისში ატარებდა.  როგორც ისინი აცხადებდნენ, კომპანიის საქმიანობის გამო საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს
Print