ახალი ამბები
გადახედავს თუ არა მთავრობა ნამახვანჰესის პროექტს და ხელშეკრულებას
FaceBook
225 დღიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება ნამახვანჰესის პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ალაპარაკდა.

9 ივნისს ქუთაისში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ჰესი აშენდება, მაგრამ გაუმჯობესებული სახით, ხოლო ინვესტორისთვის ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის 99 წლით გადაცემის საკითხზე, პროგრესი უნდა იქნას მიღწეული.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე მუშაობენ. 15-მდე ორგანიზაციამ უკვე გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა გამოქვეყნებული. ახლა უკვე ველოდებით მათგან შემოხმიანებას, რა დამატებით სამუშაოებს საჭიროებს ეს კვლევები. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა მანამდე არ დაიწყება, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს პროექტი არის განსაკუთრებით უსაფრთხო. 99 წელი მართალია შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავახმოვანებთ. რაც შეეხება დანარჩენს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ეს პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ აშენდება გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით
", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესს მემკვიდრეობით გადაცემული პრობლემა უწოდა პრემიერმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ქუთაისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხეობაში 225 დღიანი პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული პირობებით ჰესი არ აშენდება.

"მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, 100 წელი და ასე შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა და ეკონომიკის მინისტრმა იმერეთი ისე დატოვეს, რომ რიონის  ხეობის მცველებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას 225 დღეა აპროტესტებენ,  არ შეხვდნენ.
Print