ახალი ამბები
"ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს" - პრემიერი ნამახვანჰესზე
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნამახვანჰესის წინააღმდეგ 225 დღიანი პროტესტის შემდეგ აცხადებს, რომ არსებული პირობებით ჰესი არ აშენდება.

მთავრობის მეთაურმა ამაზე დღეს, ქუთაისში ისაუბრა. პირობებში პრემიერმა ხეობაში ასობით ჰექტრის კომპანია "ენკასთვის" 99 წლიანი ვადით გადაცემა იგულისხმა.

"მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, 100 წელი და ასე შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს"
, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იგივე თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ინვესტორისთვის ქონების ამ ვადით გადაცემა კანონიერია, მაგრამ რადგან საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამ ნაწილში პროგრესი უნდა იქნას მიღწეული, თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმა, მინისტრს არ უთქვამს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იმერეთში იმყოფებოდა. იგი დაესწრო ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობის დაწყებას, ასევე, მოინახულა აეროპორტის ახალი ტერმინალი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი.

მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში რიონის  ხეობის მცველებს არ შეხვდა.
Print