ახალი ამბები
სასამართლომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს შენიშვნა გამოუცხადა
FaceBook
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე რვავე დაკავებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა.

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, 27 მაისს დაკავებულების მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან,  ერთზე (173-ე) საქმის წარმოება შეწყდა,  ხოლო 166-ე მუხლის ნაწილში აქციის მონაწილეებს შენიშვნა მიეცათ.

"სასამართლოსთვის იმდენად სუსტი  იყო ორივე ქმედება, რომ აუცილებლად ორივე ნაწილში უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, მაგრამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჯარიმა არ გამოიყენა და მხოლოდ შენიშვნა მისცა", - ამბობს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რვა აქტივისტი პოლიციამ რიონის ხეობაში, საპროტესტო აქციაზე 27 მაისს დააკავა. ყველა მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. რვავე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.

დღეს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას, სასამართლოს ეზოსთან ელოდებოდნენ აქტივისტები. მანამდე მათ აქცია გამართეს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ოფისთან და შესასვლელი ჭიშკარი სიმბოლურად, წებოვანი ლენტით დალუქეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, ისინი კომპანიის ოფისთან ისევ შეიკრიბებიან და თანამშრომლებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

რიონის ხეობაში ისევ დაძაბული ვითარებაა. ხეობის მცველები ყოველდღიურ რეჟიმში რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და კომპანიის ტექნიკას ხეობის მიმართულებით არ ატარებენ.


Print