ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს აქცია-მსვლელობას გამართავენ
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდგეები, დღეს აქცია-მსვლელობას გამართავენ.
რიონის ხეობის მცველები, აქტივისტებთან ერთად 14:00 საათზე სოფელი გუმათიდან მსვლელობით ქუთაისისკენ კომპანია ,,ენკას'' ოფისის მიმართულებით დაიძვრებიან.

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ლიდერი ვარლამ გოლეთიანი მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ მსვლელობას.

''ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს, აქცია იქნება მშვიდობიანი '',- განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები ასევე, გადაინაცვლებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 8 დაკავებული ადამიანის შესახებ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

რიონის ხეობის მცველებმა 6 ივნისს  პროტესტის 223-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 223 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print