ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა კიდევ ერთი სამორიგეო კარავი გაშალეს
FaceBook
ხმაური იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.  დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.
მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, კომპანია ,,ენკა'' სოფელი ქვილიშორის გზით ცდილობდა ხეობაში საწვავის შეტანას, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

,,კომპანიამ ალტერნატიული გზები აღმოაჩინა ხეობაში საწვავის შესატანად, ეს გზა აღმოჩნდა სოფელი ქვილიშორი, ჩვენი წარმომადგენლები კარვით ამ გზაზეც იმორიგევებენ'',- განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღეს გამთენიისას დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომელი გადაადგილდა ხეობის მიმართულებით.

რიონის ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

რიონის ხეობის მცველებმა 4 მაისს პროტესტის 221-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 221 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.




Print