ახალი ამბები
რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი ირაკლი მუკბანიანი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნანა ჯოხაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ. დაკავებულის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათ დღეს 2 ივნისს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან აქციაც გამართეს.

რიონის ხეობის მცველები მომხდარს პოლიციის მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით მათ მარგინალიზებას ცდილობს. 

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ 1 ივნისს დააკავა. მას ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება ბრალად. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სოფელ საყულიაში დააკავეს. დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ. მათ ბლოკირებული აქვთ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა და ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებს არ ატარებენ. გუშინ აქტივისტებმა 219-ე ღამე გაათენეს კარვებში.

31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი და გაზი. 



Print