ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დაკავებული აქტივისტის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს დატოვებს ირაკლი მუკბანიანს წინასწარ პატიმრობაში თუ დააკმაყოფილებს დაცვის მხარის მოთხოვნას მისი გათავისუფლების  შესახებ.

აქტივისტები მათი მხარდამჭერის დაკავებას არ ეთანხმებიან. მათ დღეს 2 ივნისს,  ირაკლი მუკბანიანს მხარდაჭერა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გამოუცხადეს.

რიონის ხეობის მცველები მომხდარს პოლიციის მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით მათ მარგინალიზებას ცდილობს. ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ 1 ივნისს დააკავა. მას ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება ბრალად. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სოფელ საყულიაში დააკავეს. დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ. მათ ბლოკირებული აქვთ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა და ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებს არ ატარებენ. გუშინ აქტივისტებმა 219-ე ღამე გაათენეს კარვებში.

31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი და გაზი. 



Print