ახალი ამბები
,,მივესალმები ქართველი ხალხის ამ ახალი ტიპის მობილიზებას'' - ევროპარლამენტარი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე
FaceBook
ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია "მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსის" წევრმა ეიდი ჰაუტალამ მორიგი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.
ფინელმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში უკვე მეორედ ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

"მივესალმები ქართველი ხალხის ამ ახალი ტიპის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია",- წერს ჰაუტალა.

ეიდი ჰაუტალამ 22 აპრილს გააკეთა პირველი განცხადება, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ნამახვანჰესის  მშენებლობას აპროტესტებენ.

რიონის ხეობას ამ ეტაპზე რკინის კონსტრუქცია ყოფს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირზე გაშლილი ხელებით მეშვიდე დღეა უწყევეტად აბრახუნებენ.

მათი თქმით, სიმბოლურად ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

27 მაისის ღამეს , "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ხეობაში რამდენიმე ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან , გუმათჰესთან და სოფელ სორმონთან იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 218-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.





Print