ახალი ამბები
ჯანმომ „სინოვაკი“ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა
FaceBook
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანმომ სტრატეგიული რჩევების ექსპერტთა ჯგუფის შეფასების საფუძველზე მიიღო.

"ჯანმომ დღეს "სინოვაკ-კორონავაკ" ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის ვალიდურად სცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების კუთხით", - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში

"როიტერსის" მიხედვით, ჯანმოს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების შემდეგ, "სინოვაკის" ვაქცინა ყველა სრულწლოვანი ადამიანისთვისაა დაშვებული და ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ის ორ დოზას მოიცავს, რომლებიც 2-4 კვირის შუალედით კეთდება.

"სინოვაკი" მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც ამ სიაში მოხვდა, მანამდე, 7 მაისს, აგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში "სინოფარმი" მოხვდა. "სინოვაკისა" და "სინოფარმის" გარდა, სიაშია ასევე ამერიკული, გერმანული და ბრიტნაული ვაქცინები – "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "ჯონსონ & ჯონსონი" და "მოდერნა".

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის "სინოვაკის" 100 000 დოზა აქვს. ვაქცინა ქვეყანამ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო, მას შემდეგ, რაც ამავე რაოდენობის "სინოფარმის" ვაქცინა შეიძინა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 51 დღე.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოშიც,ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 1.8 ადამიანს.

საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი". "სინოვაკით" აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
Print