ახალი ამბები
პროტესტი ხელების ბრახუნით - ხმაური რიონის ხეობაში
FaceBook
რიონის ხეობაში გრძელდება  რკინის ჯებირზე ხელებით  ბრახუნის პროტესტის გამოხატვა.
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხეობის მცველები უკვე მეექვსე ღამეა გუმათჰესთან აღმართულ რკინის ჯებირზე გაშლილი ხელებით უწყევეტად აბრახუნებენ. 

მათი თქმით,  სიმბოლურად ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას თავიანთი ხმა მიაწვდონონ. 

რიონის ხეობაში ექვსი დღეა ვითარება დაძაბულია. 

27 მაისის ღამეს კი, "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ხეობაში რამდენიმე  ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან ,  გუმათჰესთან და სოფელ სორმონთან  იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 215 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print