ახალი ამბები
"ვაგრძელებთ გვირაბის მშენებლობას" - მერაბ ლომინაძე
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებარე კომპანია "ენკას" დირექტორი მედიის წარმომადგენლებთან ერთად რიონის ხეობაში იმყოფება. ჟურნალისტები ჰესის სამშენებლო სამუშაოებს მასთან ერთად ათვალიერებენ. მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ის სადერივაციო გვირაბთან, რომელიც ხეობის მცველების თქმით, კაშხლის მშენებლობის ნაწილია, რაზეც რეალურად მორატორიუმია გამოცხადებული.

"ენკას" ტექნიკა ხეობაში

მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ გვირაბი მოსამზადებელ სამუშაოებში შედის და არის დროებითი ინფრასტრუქტურა.

"გვირაბი არის წინა მოსამზადებელი სამუშაოების, კაშხლის ნაწილი. შესაბამისად, აქვე გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გვირაბის მშენებლობას",- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

მან ასევე ისაუბრა ხეობის მცველების დღევანდელ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კომპანიის თანამშრომლები ხეობაში პოლიციის ავტომანქანებით შეყავთ. ლომინაძე ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მინიმუმამდე დაიყვანეს თანამშრომლების გადაადგილება ხეობაში.

"დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული და არ მომხდარა არც ერთი მათგანის გადაყვანა პოლიციის მიერ. ყველა ჩვენი თანამშრომელი არის ან ადგილობრივი, ან არის დროებით საცხოვრებელში მცხოვრები. იმ მიზნით, რომ მოხდეს თავიდან არიდება პროცესების ესკალაციის, მინიმუმამდე დავიყვანეთ თანამშრომლების მოძრაობა პიკეტების არეალში", - განაცხადა ლომინაძემ.

კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების გადამოწმების შედეგი დადებითი იქნება და მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ჰესი აშენდება.

პარალელურად პროტესტი არ წყდება რიონის ხეობაში. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან ხეობის მცველები პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ და ხეობაში შესვლას ცდილობენ. დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი და გაზი.

რიონის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს 9 ადამიანი დააკავეს.
Print