ახალი ამბები
"შეიძლება რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცეები, მაგრამ მერე იფუშება" - მეუფე რიონის ხეობის მცველებზე
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ნამახვანჰესის მონაწილეებმა ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა დაიწყონ.
მეუფის განმარტებით, აქციის მონაწილეები სუბიექტურები არიან და ეს არ არის შედეგის მომტანი.

"ვარლამს და მის მეგობრებს მე ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს და სიკეთე არ მოაქვს არავისთვის. ხელისუფლებასთან დიალოგი სწორი გზა იქნება. ვარლამმა პეტიცია რომ შეიტანა პარლამენტში უნდა ყოფილიყო დიალოგი სპეციალისტებთან. მესმის, ქალბატონი მინისტრი (ნათია თურნავა) ცოტა არასწორად მოიქცა და დატოვა, უტაქტო იყო ეს. მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს. შეიძლება რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცეები, მაგრამ მერე იფუშება.

ისინიც სუბიექტურები არიან. თავიდან კატასტროფაზე საუბრობენ და რეალურად საუბარია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა გადაიხედოს. პრემიერმა თქვა, რომ მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც გადახედავენ ამ ხელშეკრულებას. უნდა დაველოდოთ. სამუშაოები შეჩერებულია, კაშხალი არ შენდება. მოსახლეობას რაც უფრო ობიექტური ინფორმაცია ექნება, მით უფრო ნაკლები იქნება პრობლემა", -   ამბობს მეუფე  იოანე. 

მიტროპოლიტი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ისინი მიკერძოებულები არიან. ეს თქვა მაშინ, როცა ხეობის  მცველები მას თანადგომას სთხოვდა.

რიონის ხეობაში ერთი კვირაა ვითარება დაძაბულია. გუშინ აქტივისტებმა პროტესტი ისევ რკინის ბარიკადებზე ბრახუნით გამოხატეს. 27 მაისის ღამეს კი, "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ხეობაში ორ ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან და გუმათჰესთან იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 215 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

Print