ახალი ამბები
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დამატებითი კარავი სოფელ სორმონში გაშალეს
FaceBook
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დამატებითი კარავი, სოფელ სორმონში გაშალეს.
ჰესის მოწონააღმდეგების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა მწვანეყვავილას დასახლებას უერთდება, საიდანაც შედიოდნენ კომპანიის თანამშრომლები. იმისათვის, რომ მოხდეს მათი გადაადგილების გაკონტროლება, გაიშალა კარავი. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი დახმარების სურვილი ადგილობრივებმა გამოთქვეს.

"კომპანიამ ხეობაში შესვლისთვის ალტერნატიული გზა გამოძებნა, ამიტომ გადავკეტეთ აქაც. მნიშვნელოვანია, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი თავად მიიღებდნენ მონაწილეობას პიკეტირებაში. ამ დროისთვის ყველა გზა გადაკეტილია, ხეობაში ვერ შევლენ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებს კარავი უკვე ოთხ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ისინი კომპანია "ენკას" ტექნიკას ხეობაში არ ატარებენ.

რიონის ხეობაში  ერთი კვირაა  ვითარება დაძაბულია. გუშინ აქტივისტებმა პროტესტი ისევ რკინის ბარიკადებზე ბრახუნით გამოხატეს. 27 მაისის ღამეს კი, "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ხეობაში ორ ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან და გუმათჰესთან იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 215 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print